საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვა მათკენ იყო მიმართული, ვინც დარბაზში სხდომის მსვლელობას აღარ ესწრებოდა.
“მივმართავ მათ, ვინც ახლა ამ დარბაზში აღარ იმყოფებიან. ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადროს და განსხვავებული აზრის მიუხედავად, სხვისი მოსაზრებების პატივისცემა უნდა შეძლოს. აქ, ოპოზიციაში მყოფი ადამიანების თითოეული ნაბიჯი არა ოპონირება, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფაა“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს წევრის თქმით, ოპოზიცია დღემდე ვერ ახერხებს, ბოქლომებით გამოხატულ უსაფუძვლო პროტესტს გასცდეს და მათი დესტრუქციული ნაბიჯები მოსახლეობის ყურადღების მიღმა არ რჩება.
“ხალხი დაიღალა იმით, რომ მნიშვნელოვან პროცესებზე ფოკუსირებას ოპოზიციის პროვოკაციული ნაბიჯები მუდმივად თან ახლავს. ბიუჯეტის ამ სახითა და რაოდენობით მიღებას ფასი აქვს მათთვის, ვინც იაზრებს, რომ ბიუჯეტი თბილისის მოსახლეობის საჭიროებებზე ზედმიწევნით გათვლილია“ – აღნიშნა დეპუტატმა.
რიმა ბერაძემ ოპოზიცია საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ძალას მხოლოდ დესტაბილიზაცია სწყურია.
“ოპოზიციას სისხლი და შეურაცხყოფა სწყურია. ეს არის ახალი ,,კმარა“, მოძრაობა, რომელმაც რეინკარნაცია განიცადა და ახალი ფორმატით მოგვევლინა. ისინი მოსახლეობის უკეთეს ხვალინდელ მომავალს უსუსურ ბრძოლას უპირისპირებენ” – განაცხადა რიმა ბერაძემ.