ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა იხრება იმისკენ, რომ ის წნეხი, რომელიც ხორციელდება ახლა პარლამენტის წევრებზე, უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის, სამარცხვინო ლიდერის ყველა სამარცხვინო კლოუნმა იგრძნოს, რომ მათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრის შემდეგ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ჩართვის დროს განაცხადა.
გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მოქმედების სტრატეგიებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები აქვთ, თუმცა საბოლოო ჯამში ამოცანა ყველასთვის საერთოა -„სამარცხვინო ლიდერის, სამარცხვინო რეჟიმის დასრულება საქართველოში“.
„პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, პროპორციული არჩევნების მიღება - დიდი დანაპირების, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ და შემდეგ უკვე მიაყენა საზოგადოებას შეურაცხყოფა - თქვა, რომ ფეხებზე მკიდია ყველა პირობა და ყველა ამ ტიპის კონტრაქტი, რომელმაც თავის დროზე პროტესტი ჩააცხრო, ამის მიუღებლობაზე ყველა ერთიანია.
რაც შეეხება გაგრძელებას, პროტესტის ტაქტიკას, ამაზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება სპეციფიურ ტაქტიკაზე, თუმცა უმრავლესობა იხრება, რომ ის წნეხი, რომელიც ხორციელდება ახლა პარლამენტის წევრებზე, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო ეფექტური გახდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის, სამარცხვინო ლიდერის ყველა სამარცხვინო კლოუნმა იგრძნოს, რომ მათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ, ვიდრე შეურაცხყოფას უკან არ წაიღებენ და არ მიიღებენ, ან არ გადადგამენ პირველ ნაბიჯებს პროპორციული სისტემის მისაღებად, რისი გზაც ჩვენ შევთავაზეთ“,-განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის შეთავაზებული მოდელი სრულად არის ადაპტირებული საქართველოს კონსტიტუციასთან. მისივე თქმით, „ცრუ არგუმენტს, რომ მოდელი არასკონსტიტუციურია“ ძალიან სწრაფად „გააშიშვლებენ“.
„სამარცხვინო ლიდერს ივანიშვილს და მისი კლოუნების გუნდს ორი გზა აქვს. ან დროზე მოეგებიან და ამ ნაბიჯს გადადგამენ, ან მათი მდგომარეობა დღითიდღე სულ უფრო დამძიმდება. ეს არ არის ქვეყნისთვის სასურველი გზა, ეს შეიძლება კვირები და თვეები გაგრძელდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი სრული დამარცხებით დასრულდება“,-განაცხადა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.