იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა, ე.წ გერმანულ მოდელზე ისაუბრეს.
მისი თქმით, ოპოზიციამ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინა იმის დასამტკიცებლად, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„საუბარი შეეხებოდა ე.წ. გერმანულ მოდელს, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია. ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი ანტიკონსტიტუციურია და მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება.
ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი , რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, ვერ მოიტანა.
ასევე მნიშვნელოვანია, კითხვა იმასთან დაკავშრებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად და ხომ არ არის პოლიტიურ გუნდში იმის მზაობა, რომ კონსტიტუციის ცვლილება ვცადოთ, ამაზე ჩვენი პასუხია, არა. ჩვენი გუნდის შიგნით რესურსს ვერ ვხედავთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციასთან თუ მომავალი შეხვედრა ჩაინიშნება, ხელისუფლების წარმომადგენლები აუცილებლად დაესწრებიან.
„დიალოგი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას პატივს ვცემთ“,- აცხადებს თეა წულუკიანი.
ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.