ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის, მერაბ ქავთარაშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სოფელ საკობიანისთან მოკლული ვისურ მუთოშვილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს. ქავთარაშვილი ჰყვება, რომ შეტყობინება, ადგილობრივების პირით, ოჯახმა დღეს მიიღო.
„დღეს შეგვატყობინეს, რომ შეიკრიბნენ და სისხლის აღების გადაწყვეტილება მიიღეს. შემოგვითვალეს, რომ ქავთარაშვილებს, ხანგოშვილებს, დუიშვილებსა და ალდამოვებს მათი სისხლი გვმართებს. ხვალ უხუცესები წავლენ მოსალაპარაკებლად, ვნახოთ, რას ეტყვიან“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ქავთარაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილის დეიდამ, ეთერი გოდერძიშვილმა განაცხადა, რომ მოკლულის დედა ეთერ მუთოშვილი, სისხლის აღების წინააღმდეგია.
შეგახსენებთ, მკვლელობა პანკისში, 27 ნოემბერს მოხდა. გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი.
მომხდარ ფაქტზე, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გაგრძელდება თუ არა დაკავებების სერია, ჯერ უცნობია.
წყარო: primetime.ge