15 წლის მოზარდის ძმა, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ სცადა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მის არასრულწლოვან ძმას, რომელიც ამ დროისათვის იაშვილის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაშია, პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ.
“მე დედაჩემისგან ვიცი ეს დეტალები. დედაჩემი ესწრებოდა გამოკითხვას, თუმცა რაღაც მომენტში რამდენიმე წუთით გაყვანილი ჰყავდათ მარტო. როგორც ვიცი, ზეწოლის გარკვეულ მომენტებს შეესწრო. დედაჩემის თვალწინ ემუქრებოდნენ ჩემთვის პრობლემების შექმნით. მე ვსწავლობ სამხედრო აკადემიაში, ეუბნებოდნენ შენს ძმას შევუქმნით პრობლემებს, ალბათ უთხრეს გამოვაგდებინებთო, არ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა იხმარეს.
ფიზიკურ ძალადობას როგორც ვიცი, არ ჰქონია ადგილი. როდესაც ჩემი ძმა მარტო ჰყავდათ და ატირებული გამოვიდა, დედაჩემმა ჰკითხა ხომ არ დაურტყავთ, როგორც ვიცი, უარყო.
მე ვიყავი გორში. ჩამოვედი მაშინ, როცა დააწვინეს საავადმყოფოში. ამ შემთხვევამდე მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრე. თავისთავად, როცა პოლიციიდან გამოვიდა, ატირებული და შეწუხებული იყო. პირველ დღეს აღიარა, მეორე დღეს კი უარყო ყველაფერი.
პოლიცია არასრულწლოვანს სკოლის შენობაში შეპარვას და კედელზე წარწერების გაკეთებაში ედავებოდა.
“ნეტგაზეთი” არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დაუკავშირდა. კლინიკაში ამბობენ, რომ მოზარდი დაწესებულებაში გუშინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა უმძიმესია. არასრულწლოვანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და აღენიძნება მრავლობითი მოტეხილობები, ასევე თავის ტრავმა.
საიას ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მასზე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ნეტგაზეთი