„პრობლემები იკვეთება როგორც სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები, რა თქმა უნდა ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაშიც“, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მოზარდისგარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე იკითხებიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე სკოლის მასწავლებლები და ბავშვები.
ლონდა თოლორაია ირწმუნება, რომ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩება.
„ჩვენ ვიძიებთ საქმეს ჩვენების მიცემის იძულების ფაქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა პირი, რომელიც შესაძლოა იმხილებოდეს და იმხილება ამ დანაშაულის ჩადენაში, მის პიროვნებას ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, ყველა ის დეტალი, რომელიც მის პიროვნებას ახასიათებს , მის წარსულ ცხოვრებას და ა.შ. რა თქმა უნდა ეს მტკიცებულებებიც საქმეში იქნება ჩადებული.
ბავშვებთან მუშაობა, გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთდროულად ერთმანეთის თანდასწრებით, რა თქმა უნდა ეს არის პრობლემები, რომელიც სამუშაოა“, - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ბიჭმა 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადახტა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზად სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განიხილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს და განყოფილების გამომძიებელს უფლებამოსილება მათივე ინიციატივით შეუჩერდათ.