სისტემა უნდა დაინგრეს - ამ შეძახილებით გაიმართა აქცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლოციის დეპარტამენტთან.
აქციის მონაწილეებმა დეპარტამენტის ჭიშკარზე სიმბოლურად შავი ლენტები შეაბეს და შავი ბუშტები დაამაგრეს რითაც მომხდარი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
"სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახს და ვწუხვართ მომხდარის გამო. ამიტომ მოვედით სამმართველოსთან და დავგმეთ მომხდარი. სისტემა კლავს და ის უნდა დაინგრეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათ წითელი საღებავით დეპარტამენტის კარზე ხელის ანაბეჭდები დატოვეს და მოუწოდეს თანამშრომლებს, რომ ეს არ წაიშალონ.
12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, ის გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.