"იდეა ცნობილია და მისი რეალიზება მიზანშეწონილია",- ასე გამოეხმაურა ყოველწლიურ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც ახალი გზა საქართველო-ჩეჩნეთს დააკავშირებს.
კრემლის ლიდერის თქმით, საქართველოსთან, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში მიმოსვლის პრობლემები არსებობს.
"ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ახალი გზა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ის ჯერ არ შედის. გავიმეორებ, რომ იდეა ცნობილია, მისი რეალიზება მიზანშეწონილი",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კავკასიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთსა და საქართველოს შორის, ამ რესპუბლიკის გავლით მაგისტრალის მშენებლობას.
"ეს გზა ჩვენთვის და კავკასიისთვის აუცილებელია. ფაქტობრივად იტუმ-კალიდან (სოფელი ჩეჩნეთის სამხრეთში) საქართველოში გადასვლას 40-50 წუთი დასჭირდება. იქიდან კი თურქეთის გავლით იმოგზაურებთ ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა გავიხსნათ და დავამყაროთ ურთიერთობები მეზობლებთან, კერძოდ საქართველოსთან", - განაცხადა კადიროვმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ისტორია, იციან თუ როგორ ცხოვრობდნენ ორივე მხარის წინაპრები.