ეს კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია, - ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება.
მინისტრის განმარტებით, აუცილებლად ამოქმედდება ის გეგმა, რომელიც ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული.
„ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში.
ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი. პირველ რიგში, ეს იქნება ჟენევის თანათავმჯდომარეები. მე დაუყოვნებლივ მექნება მათთან სატელეფონო ზარები, ასევე მექნება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, მათ შორის, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ევროკავშირთან, გაერო-სთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ იყო დარჩენილი რაიმე ბერკეტი, რატომ არ ამოქმედდა ამ დრომდე, მინისტრმა უპასუხა, რომ ისინი არასდროს დაკმაყოფილებულან მხოლოდ იმით, რაც იყო ამოქმედებული.
„თქვენ ვისთან გაქვთ საქმე? საოკუპაციო რეჟიმთან, რომლისთვისაც არანაირი სამართლებრივი ნორმები არ არსებობს. ნუ გგონიათ, რომ ჩვენ არ ვფიქრობდით იმაზე და ვიყავით კმაყოფილი მარტო იმით, რაც იყო ამოქმედებული. ყველა შესაძლო, მათ შორის, სამართლებრივ განზომილებაზე ვფიქრობდით.
ოჯახთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია და ეს ყველაფერი ხდებოდა მათთან მჭიდრო კომუნიკაციით და სურვილები, რაც ოჯახიდან მოდიოდა, ჩვენი შემხვედრი ნაბიჯებით კმაყოფილდებოდა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.