ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა ყაზახ კურესიში.
ქალთა შორის 15 ქვეყნის წარგზავნილები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას და მათ შორის იყვნენ ქართველი მოჭიდავეები – ნინო ოძელაშვილი (75კგ) და ელენე ქებაძე (+75კგ).
ნინო ოძელაშვილმა ბულგარელი მოჭიდავე გაბრიელა ცვეტანოვა გიგოვა 10:1 დამარცხა, ყაზახ პერიზატ ჟაკირბეკოვას 13:6 სძლია, ნახევარფინალში სერბი სანდრა ლიცკუნს მოუგო 6:5, ფინალში სერბ უნა ტუბოსთან გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
ელენე ქებაძე ჯგუფის პირველ შეხვედრაში უკიდერესად მიკერძოებული მსაჯობის შედეგად 3:4 დამარცხდა ყირგიზ ნაგირ სარბაშოვასთან, თუმცა შემდეგ შეხვედრებში შეძლო მობილიზება, დაამარცხა ბულგარელი ელიზავეტა მაისეიენკა – 10:2, უზბეკი გულსალკონ ხაიდაროვა – 6:1 და ფინალში გავიდა, სადაც მან მონღოლ ნიამტუა ნიახუუს 4:0 სძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
კაცთა შორის 25 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მედლების მოპოვებისთვის. საქართველოს 6 წარგზავნილიდან 5-მა მოიპოვა მედალი.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ: მინდია ლილუაშვილი (60კგ), თორნიკე ჯუღელი (90კგ), გიორგი კობაიძე (100 კგ) და დავით რაზმაძე (+100კგ). ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვახტანგ ჩოდრიშვილი (60კგ).