ავსტრალიის მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კოალების პოპულაციას. ძალიან დიდი შანსია, რომ ამ სახეობას გადაშენების პირას მყოფის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა.
თუმცა ამ ეტაპზე ცხოველების პოპულაციისთვის მიყენებული ზუსტი ზარალი არ შეფასებულა. მინისტრმა აქამდე განაცხადა, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ სანაპიროზე, ერთ-ერთ შტატში შესაძლოა კოალების 30% განადგურბულიყო. გარდა ამისა, არის ბევრი დაშავებული ცხოველი, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ.
მთლიანობაში, ავსტრალიის ტყის ხანძრებს შესაძლოა მილიარდობით ცხოველი ემსხვერპლა. ავსტრალიის ფლორისა და ფაუნის აღდგენას კი უპრეცედენტო ზომების მიღება დასჭირდება. ამის შესახებ Sydney Morning Herald-ი იუწყება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე განაცხადა 50 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ.
ძლიერმა ხანძრებმა ავსტრალიის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროები ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოიცვა. აქამდე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ტყის ხანძრების ლიკვიდაცია.