ახალციხეში 59 წლის კაცის ცხედარი მანველიშვილის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მისი გარდაცვალების დრო ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
59 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ქრონიკული დაავადებებია.
ჯ.ბ.-ს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ უდეში, ძმის ოჯახში გადაასვენეს.
მამაკაცი ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ხშირად სვამდა ალკოჰოლს, აწუხებდა გული, ღვიძლი, ჰქონდა ფილტვების ანთება.
"გარეთ ხშირად არ გამოდიოდა. დღეს შევედი და გარდაცვლილი იატაკზე ვნახე. პოლიციაში დავრეკეთ და მოვიდნენ, პროზექტურაში გადაასვენეს. თქვეს, რომ ორი კვირის გარდაცვლილია. ხშირად სვამდა, მარტო იყო, ანტისანიტარიაში ცხოვრობდა", - გვითხრეს მანველიშვილის ქუჩაზე.