შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას "ტვიტერზე" ეხმაურება.
ლინდე აცხადებს, რომ შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო.
იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ უთანხმოების შესამცირებლად ნაბიჯები გადადგას.
"შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ მას, გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შესამცირებლად და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად", — ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.