თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინელ, ბულგარელ და ლიეტუველ კოლეგებთან შეხვედრისას.
ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს ნიკოლა-ლონელ ჩიუშას, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს რაიმუნდას კარობლისს და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს კრაზიმირ კარაკაჩანოვს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, სტრატეგიული მზადყოფნა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადებას.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში რუმინეთისა და ბულგარეთის წვლილზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი ასევე, შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხსაც. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება.
კოლეგა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მიერ ინიცირებულ, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრო.
დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მიიღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს.