პოლიტიკური ვალის დაბრუნება განაპირობებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის ურთიერთობები კეთილგანწყობილი და მშვიდი იქნება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომელმაც ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მისი თქმით, ნათელია, რომ საქართველო დღეს პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად მზად არ არის, რადგან ეს არჩევნები მყარი პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას და მათ პაექრობას გულისხმობს. ასეთი რამ კი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა იკვეთება. ხაინდრავამ ოპოზიციურ გაერთიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების უპირობო ლიდერი შალვა ნათელაშვილია.
„ძალიან საინტერესო სიახლეა ამ ახალ პოლიტიკურ გუნდში. ეს არის ლიდერის ცვლა. ვფიქრობ იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილმა პოლიტიკური წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება გადაწყვიტა და ბიბლიოთეკაში აპირებს თავისი მოღვაწეობის გაგრძელებას და მისი ლიდერობის გადალოცვას ნათელაშვილისთვის (ეს მკაფიოდ და ცალსახად ჩანს), ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების უპირობო ლიდერი ნათელაშვილია. ეს სიმბოლურია, რადგან თავის დროზე, როდესაც სააკაშვილი იწყებდა თავის პოლიტიკურ კარიერას, მას ლიდერის ადგილი და ფუნქცია ნათელაშვილმა დაუთმო. გახსოვთ ალბათ, რომ თბილისის საკრებულოში ნათელაშვილმა გაიმარჯვა და ეს ადგილი სააკაშვილს დაუთმო. სააკაშვილის პოლიტიკური აღზევება, სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო. ჩანს ამ პოლიტიკური ვალის დაბრუნება განაპირობებს იმას, რომ მათ შორის ურთიერთობები კეთილგანწყობილი და მშვიდი იქნება, რაც ადრე არ შეინიშნებოდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ პრაქტიკულად ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებისა და მუშაობის ცენტრი ლეიბორისტული პარტიაა, ნათელაშვილი კი - ლიდერი.
„ნათელაშვილი ლიდერია, რადგან ჯერ ერთი, დიდი გამოცდილება და ამისთვის საკმარისი პოლიტიკური მოღვაწეობის სტაჟიც აქვს. მის გარშემო გაერთიანებული გუნდი საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური სახეებითაა დაკომპლექტებული: ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ახალგაზრდა, ჟინით სავსე გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბრძოლა მარტივი არ იქნება, რადგან ეს ადამიანებიც ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოცდილი მებრძოლები არიან. მათი ერთად ყოფნა ძალიან პოზიტიურია ქართველი ამომრჩევლისთვის, რადგან ძალიან მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება. არის ორი ძალა - ან აქ ან იქ“, - განაცხადა ხაინდრავამ.