დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის, კერძოდ კი საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, მინისტერიალის ჩატარება თბილისის ნაცვლად სტრასბურგში იყო შესაძლებელი.
"ამ პერიოდში ამ ფონზე, ლავროვის ჩამოსვლა შეიძლება ძალიან მძიმე პროცესების საფუძველი გახდეს. მგონია, რომ შესაძლებელი იყო ამ მინისტერიალის თბილისში ჩატარების ნაცვლად ჩატარებულიყო სტრასბურგში. როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ პასეს ბიუროსთან დაკავშირებით, როგორც ეს გავაკეთეთ მმართველ კომიტეტთან დაკავშირებით. ისინი უნდა ჩატარებულიყო თბილისში, მაგრამ არ ჩავატარეთ. რუსეთის დელეგაციის შემოსვლა შესაძლებელია ყოფილიყო რისკების შემცველი. თუკი ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ვეპატიჟებით საქართველოში და ვეუბნებით, რომ მათ ჩვენ ვუმასპინძლებთ, მაშინ ყველას შემოშვება მოგვიწევს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საქართველომ მაისის თვეში ევროპის საბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს, შესაძლოა, რუსული დელეგაციაც ეწვიოს.