მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა.
თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის მიდგომა და უწყებათაშორისი მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ამ კუთხით მან ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ემყარება.
შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის კუთხით ფინური მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხზეც ისაუბრეს.
მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში ფინეთის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.