საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს რეზოლუციის ტექსტში არასწორი ინფორმაციის შეტანა უნდოდათ, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო.
„რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს ოპონენტებთან. რეზოლუციაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, მათ ჰქონდათ სურვილი, რომ განხორციელებულიყო შესწორებები, ანუ ჩაწერილიყო სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ მოჰყვა მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეზოლუცია არ მიეღოთ და ამისთვის განსაკუთრებით „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთან იმუშავებს. კალაძემ კვლავ გაუსვა ხაზი იმას, რომ დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას.
„ყველაზე დიდი უბედურობა არის ის, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, ცდილობენ, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ გვახსოვს პროცესი, როდესაც ვიზალიბერალიზაციის მიღება ხდებოდა, თუ როგორ დარბოდნენ ოთახებიდან ოთახებში, რომ როგორმე მომხდარიყო ხელის შეშლა. ეს არის ადამიანებისგან დაკომლექტებული ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოება გააოცეს და აჩვენეს ყველას თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და დღეს ისინი აჩვენებენ ყველას როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში“, - აღნიშნა თბილისი მერმა.
მან განმარტა, რომ კომიტეტის სხდომის რეზოლუციის გარეშე დასრულება საგანგაშო არ არის და მომდევნო სხდომაზე მას აუცილებლად მიიღებენ.