„მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“, - ასე ეხმაურება გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომხდარ დაპირისპირებას.
„ამ ყველაფრის მომწყობებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩემთვის კითხვები დაესვათ. თუ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, ცდებიან. მსგავსი ქმედებებით თვითონ ეს ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილები“, - განაცხადა შოთაძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზში შეიჭრნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გააპროტესტეს. ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ და შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.
შეგახსენებთ, პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.