სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა თავის მეგობრებს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენებას ვერ აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Express-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, სასექსის ჰერცოგინიამ მეგობრებთან საუბარში აღნიშნა, რომ სამართლებრივი კუთხით ვერაფერი დაუშლის მას და მის მეუღლეს ეს ბრენდი გამოიყენონ. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მეგან მარკლმა ახლო გარემოცვას ასევე განუცხადა, რომ ბრენდის გამოყენება საერთოდ არ უნდა იწვევდეს კითხვებს და რომ ის და პრინცი ჰარი გლობალურ პროექტებზე მუშაობენ, ხოლო Sussex Royal-ის სახელის გამოყენებას არაფერი აქვს საერთო მოგების მიღებასთან.
იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა, ბრიტანული მედია წერდა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ჰარი და მეგანი თავიანთ პროექტებს ახალი დასახელებით დაარეგისტრირებდნენ.
პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ Sussex Royal-ის ბრენდის პოპულარიზაცია გასულ წელს დაიწყეს. მათ შექმნეს გვერდი Instagram-ზე, სადაც მათი ცხოვრების მთავარი მოვლენები შუქდებოდა. ეს გვერდი სწრაფად გახდა პოპულარული და მას ახლა 11 მილიონი გამომწერი ჰყავს.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.