მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. დაინფიცირებულია 82 200-მდე ადამიანი, ხოლო 32 900 ადამიანი განიკურნა. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 595-მდე გაიზარდა. ვირუსით გარდაცვლილია 13 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქალაქ დეგუში დაფიქსირდა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ინფორმაციით, კორონავირუსით სულ მცირე 21 ჯარისკაცია დაინფიცირებული და სამხედრო მოსამსახურეებს ბაზების დატოვება აქვთ აკრძალული. ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები გადაიდო.
ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ფინეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. ფინეთსა და მაკედონიაში ვირუსი იტალიიდან შესულ პირებს დაუდასტურდათ.
რაც შეეხება პაკისტანს, ამ დროისთვის უცნობია, საიდან გავრცელდა ქვეყანაში ინფექცია. კორონავირუსის შემთხვევა გუშინ საბერძნეთსა და ბრაზილიაშიც დაფიქსირდა.