გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართა. ეს არის 110/40-ზე.
ახალი ინიციატივა გულისხმობს - პროპორციულით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 110-მდე გაიზრდება, მაჟორიტარულით არჩეული დეპუტატების კი, 40-მდე შემცირდება.
თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, მმართველი გუნდისგან შეთავაზებული ვერანაირი ინიციატივა ვერ იქნება მიღებული, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან.
"ახლა გვეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის "ქართული ოცნების" პოზიცია, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე მარტივი გზავნილი მაქვს, ჩვენ ადგილებით და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ.
110/40-ზე ვერ იქნება მისაღები, იმიტომ, რომ ეს არ ითვალისწინებს პროპორციული არჩვნების მისწრაფებებს.
თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით კომპონენტებს შეიტანენ. შეთანხმება ოპოზიციის მხრიდან ვერ იქნება მეორე მნიშვნელოვანი საკითხის გარეშე - პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.