საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცებას გამოეხმაურა.
როგორც მდიანარძემ აღნიშნა, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს.
"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი ისევ განაგრძობს თავის პროვოკაციულ მოქმედებებს. ბუნებრივია, ამას თავისი მიზანი გააჩნია, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში ამყოფოს. ის იყენებს თავის საოკუპაციო ძალას და ამ პროცესებში ყოველდღიურად ჩართვა ნიშნავს ბრძოლას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი ძალა არის ჩვენს სიმართლეში და ჩვენს პარტნიორებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა გატაცებული კაცის გასათავისუფლებლად.