მედიის წარმომადგენლებს, უსაფრთხოების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ. ამის შესახებ კორონავირუსის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.
საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.
"ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში", - აღნიშნულია განცხადებაში.