კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ექიმმა ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს ამ ეტაპზე ცხელებაც არ აქვს.
"მას ერთხელ დაუფიქსირდა ცხელება და სხვა გართულება არ აქვს. ვინაიდან ის იყო იმ კერიდან, სადაც ვირუსის ბევრი შემთხვევაა, საზღვარზე საეჭვოდ მიიჩნიეს და გადმოყვანილ იქნა ჩვენთან. გადაწყვეტილება ძალიან სწორად მიიღეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც არ იყო. პაციენტი აბსოლუტურად იმედიანად არის და იცავს ყველანაირ რეჟიმს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გავიმეორებთ ტესტს და როდესაც უარყოფითი პასუხს მივიღებთ, გავწერთ კლინიკიდან. ამჟამად ამ პაციენტის სტაციონარში ყოფნის აუცილებლობა არის მხოლოდდამხოლოდ ის, რომ იყოს იზოლირებული და არ გახდეს სხვა ადამიანების დასნებოვნების მიზეზი", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ექიმმა ინფექციონისტმა.
ცნობისთვის, 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.