საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ ხალხთან კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოლეგამ, დავით ტონოიანმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ტონოიანს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ტონოიანმა მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს და კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ მეორეს შეხვდება.