სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში ექიმების რაოდენობა გაიზარდება. ამ დროისთვის მედიკოსები მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ.
საბაჟოზე მკაცრად მოწმდება ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვთ ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.
პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე სარფის საბაჟოზე ახალი რეგულაცია ტრაილერების მძღოლებზეც დაწესდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უფრო ადრე ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.