აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალგაზრდა კაცი ბათუმში უკრაინიდან გემით შემოვიდა, თუმცა ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში და ეს გახდა ზედამხედველობის დაწესების მიზეზი.
„ახალგაზრდა გემიდან გადმოსვლისთანავე შემოწმდა მედიკოსების მიერ. მას არ აქვს საეჭვო სიმპტომები, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 13 დღის წინ იყო ირანში, მაგრამ არა იმ ზონაში, სადაც ეპიდაფეთქებაა. მასზე დაწესდა ეპიდზედამხედველობა. ის სახლში იმყოფება, რადგან არ საჭიროებს კლინიკაში მოთავსებას“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ბათუმის პორტში, სარფის საბაჟოსა და ბათუმის აეროპორტში მედიკოსები მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ. მკაცრად მოწმდებიან ძირითადად ის მგზავრები, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვს ან იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. მებაჟეები და სამართალდამცველები პირბადეებით არიან აღჭურვილები.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს დადასტურდა.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.