საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბი გახსნა, მისი თქმით ეს იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფრონტი და დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
შტაბის გახსნაზე მობრძანებულ სტუმრებს მიხეილ სააკაშვილმა სკაიპის საშუალებით მიმართა და 2020-ის არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვამზადებთ ხმების დათვლის სულ სხვა სისტემას, ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და სხვადასხვა კუთხით მომზადებულები, ასევე გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რომ "კარუსელები" გავაჩეროთ, ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო იქნება თუ არ იქნება, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ჩვენს ცხოვრებას არაფერი აზრი არ ჰქონდა თუ ყველაფერს აზრი ჰქონდა. ეს არის ჭეშმარიტების მომენტი, ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს სამშობლოს ვუმტყუვნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს!
მოდით, წარსულზე ნუ ვიკამათებთ, ვიკამათოთ იმაზე, რომ მომავალში შევქმნათ ისეთი წარმატება, როდესაც ყველანი შევთანხმდებით, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული, მიუხედავად იმისა წარსულში „ოცნებაში“ ვიყავით, „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ნებისმიერ სხვა პარტიაში ან საერთოდ არც ერთ პარტიაში არ ვიყავით. დამთავრდა დრო ეს რაღაც ვერტიკალური ხელისუფლებების, ზემოდან ქვემოდან მართვის, ზემოდან ქვემოდან ინსტრუქციების მიცემის. საზოგადოება არის ახლა ბევრად უფრო თანასწორი, ბევრად გონება გახსნილი, ბევრად გამოცდილი, ბევრად მონდომებული, რომ არავინ თავზე არ წამოისვას. ამიტომ ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ესენი გადავაგდოთ და ვიღაცა წამოვასვათ თავზე, ჩვენი ამოცანა არის, რომ საზოგადოებამ ისწავლოს თავისი ქვეყნის მართვა მთლიანობაში ჰორიზონტალურად“ " - განაცხადა სააკაშვილმა.