ამ ან მომავალ კვირაში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დადგენაც ვერ მოხერხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა იმ ერთ შემთხვევაზე, რომლის პირველწყაროც ამ მომენტამდე უცნობია.
„რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, მე პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაზე, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე და იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მაინც გავალთ. თუ ვერ გავედით კონტაქტზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა ან ადგილობრივი დაინფიცირებისა. მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.