ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სისტემის პირველ მოსმენაზე მათი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ახსნა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ „ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია“.
„ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორე მხრივ, ქვეყანას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს. პირველ მოსმენაში ჩვენი მონაწილეობა მას ამის შანსს აძლევს. შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე დაიდო. პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიდერებმა ფრაქციის ფორმატში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გაახმოვანეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.