ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა თქმით, მოთხოვნები ერთი წლის შემდეგაც უცვლელია. კერძოდ, ოპოზიცია იმ პირების დასჯას ითხოვს, რომელთა ბრძანებითაც მოხდა აქციის დაშლა და მისი მონაწილეების მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენება.
მათივე განმარტებით, „ხელისუფლებები შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეცდომაზე ვერ ისწავლა“.
მესხიშვილის თეატრიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალამდე მიდიან.
2019 წლის 20 ივნისს, საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 129 აქციის მონაწილე, 80 სამართალდამცველი და 31 ჟურნალისტი. ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.
20 ივნისის მოვლენებზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსსა და ათ სამართალდამცველს.