პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცახადა, კანონპროექტს 116 ხმა აქვს და ჩავარდნის საფრთხე არ არსებობს.
"ხვალ შედგება უკვე პლენარული განხილვა, სადაც კენჭი ეყრება უკვე მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს. თქვენ იცით, რომ ამ პროექტს აქვს 116 დეპუტატის მხარდაჭერა, შესაბამისად, არავითარი საფრთხის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას რომელიმე რადიკალური პარტია. ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ისინი იძულებულები იყვნენ რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რადგან იყო ელჩების ზეწოლა მათზე და თქვენ ნახეთ ელჩების ღია განცხადება ამასთან დაკავშირებით. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ მეორე და მესამე მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა, ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია,"- განაცხადა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას და აღნიშნა, რომ მის განცხადებაში ნახსენებ 142 ხმაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ხმები იგულისხმება.
"ალბათ ევროკავშირის ელჩმა ჩათვალა ამ ხმებში "ნაციონალური მოძრაობა", მათ ჰქონდათ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე. ელჩებმა მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მხარი დაეჭირათ ამ კანონპროექტისთვის. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ ისინი ყურად არ იღებენ ელჩების რეკომენდაციებს და ამ შემთხვევაშიც არ იღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, რაც ბუნებრივია, მიუღებელია და ისინი ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ რეალურად არიან ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელთაც არ აინტრესებთ ის, თუ რას ამბობს დასავლეთი და რას მოუწოდებენ ოფიციალური პირები, ოფიციალური დასავლეთი მათ, ეს არის მათი სახის კიდევ ერთი ჩვენება,"- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად. "მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ, იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ", - დაწერა ჰარცელმა "ტვიტერზე".