ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის მიზნით შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.
შეხვედრას 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული სექტორის გასახსნელად.
მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი.