საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შიმშილის საფრთხეზე საუბრობს.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინა ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას და ბევრ ოჯახს შიმშილობა ემუქრება.
„მასშტაბური ეკონომიკური კატასტროფის წინაშე ვართ. ახლა არ უნდა შევიქმნათ წარმოდგენა, თითქოს არაფერი გვემუქრება. დიახ, უკრაინული ოჯახების უმეტესობას, ფაქტობრივად, შიმშილი ემუქრება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“.
სააკაშვილის თქმით, უკრაინას ძალიან მძიმე პერიოდი აქვს წინ, მაგრამ სირთულეების გადასალახად საჭიროა ბევრი მუშაობა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში „სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია 100 დღეში“, თუმცა, კონკრეტულად სიტუაციის გამოსწორების გზებზე გადაცემაში არ უსაუბრია.