ექვსი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელშეკრულების გაფორმების 6 წლისთავს.
„დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის - თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის“ - წერია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
ზუსტად ექვსი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ამან ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.