კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ადაპტური სამოსის მწარმოებელმა მულტიბრენდულმა კომპანიამ „კომბინიზონა“ შეძლო სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობასაც გაზრდის.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით, „კომბინიზონამ“ 19 ცალი სამკერვალო აღჭურვილობა შეიძინა, რაც კომპანიას საწარმოო სიმძლავრეების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
„პროექტს ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს. „კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის - „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება - დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.
„ვინაიდან „კომბინიზონა„ ფოკუსირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს ამ ბრენდის ფილოსოფიას განსაზღვრავს, მას საქართველოში ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში შემოაქვს ახლებური, ინოვაციური, ეკო-მეგობრული მიდგომები, რის წახალისებას და ხელშეწყობასაც, თავის მხრივ, ევროკავშირი ეწევა. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ შეძლო არამხოლოდ შეენარჩუნებინა პერსონალი ამ კრიზისის პერიოდში, არამედ დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც შეექმნა“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
„კომბინიზონა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF Georgia-ს პროექტია.
EU4Business-ი ინიციატივაა, რომელიც სრულად მოიცავს ევროკავშირის მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.