ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კორონავირუსით სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება.
ჯანმოს ოფიციალური პირების განმარტებით, შემთხვევათა ზრდასა და სიკვდილიანობას შორის დროის შუალედია, რადგან დაინფიცირების შემდეგ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ადამიანი სერიოზულად დაავადდეს და კორონავირუსით გარდაიცვალოს.
„შესაძლოა, კვლავ ვიხილოთ კორონავირუსით სიკვდილიანობის ზრდა, რადგან ბოლო ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში შემთხვევების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა. ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ სიკვდილიანობის შემთხვევები გაიზრდება. ძალიან სამწუხარო იქნება, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.