ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალში რჩება. ქვემო ჭალის მკვიდრის, ზაზა გახელაძის ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრისგან ელოდება, თუმცა დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრილი გახელაძის ცხინვალის საავადმყოფოს კარანტინში მონახულება ვერ შეძლეს.
სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახსაც ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია. ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ აბსურდული ბრალდების მიუხედავად დაკავებული 45 წლის კაცის მდგომარეობა არ დამძიმდება და მისი გათავისუფლება მოხდება.
ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ის ცხინვალში წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იმყოფება.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ფეხში დაჭრილი ზაზა გახელაძე ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი მათ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.