გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მამის განცხადებით, მისი შვილი სამსახურიდან ხშირად აღელვებული ბრუნდებოდა, თუმცა მიზეზზე არ საუბრობდა.
როგორც გარდაცვლილის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიაშიც რამდენჯერმე იყო და სურდა მიზეზი გაეგო, თუმცა, ვერაფერი შეიტყო.
სამართალდამცველებმა ბაჩალიაშვილის კომპიუტერი სამი დღის წინ ამოიღეს. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ერთ-ერთმა გამომძიებელმა მას უთხრა, რომ მისი შვილი სერიოზული პრობლემის წინაშე იყო, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრტებია.
„ბევრჯერ მინახავს, სამსახურიდან მოდიოდა გაბრაზებული, აღელვებული. არ მეუბნებოდა მიზეზს. ფაქტობრივად, ორჯერ მივედი კორპუსთან, სადაც მუშობდა და არ შემიშვა. ერთხელ შევედი, კარზე წარწერები არ არის, რა დაწესებულებაა?! გამოვედი, არავინ იყო.
მისი კომპიუტერი, რომელიც ქვემო ქართლის პოლიციამ წაიღო... სამი დღე მაწვალეს - არ ხსნის... მეორე მოდის - გახსნილია. მეუბნება - ეს „ტალპა“ დაშალე, კი, ბატონო, ეს „ტალპა“ თუ დაიშლება - გახსნილია, თუ არაა დაშლილი... ეს ხალხი მე არ მომიყვანია. ყველას გული სტკივა. მთელი ღამე ვრეკავ, გული მისკდება, არ მპასუხობს. დილით მეუბნება, რომ კომპიუტერი გავხსენი და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო. რა პრობლემა იყო, არ უთქვამს. ეს მოხდა გუშინ. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა. მოვკვდები, ამ საქმეს შევეწირები“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
მისივე თქმით, 23 წლის ქალი სამსახურიდან თავისი სურვილით წამოვიდა. საუბრისას მამა ეჭვს გამოთქვამს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების მიზეზი მისი სამსახურია.
ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი მაშველებმა თეთრიწყაროს ტყეში, ავტომანქანაში ნახეს.
ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.
თამარ ბაჩალიაშვილი კიბერსპეციალისტი, პროგრამისტი იყო. გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე იგი სამსახურიდან, შპს „ზეგ“-იდან წამოვიდა. ოჯახს ეს ფაქტი კითხვებს უჩენდა.