ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება ახალგაზრდების გაუფრთხილებელ ქცევას უკავშირდება.
„მონაცემების თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქება ახალგაზრდების ქცევითაა განპირობებული. ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცვის ისეთივე ზომები უნდა მიიღონ, როგორც დანარჩენები იღებენ“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა და სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი სიცოცხლის დასაცავად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. საკუთარი თავი და სხვებიც უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედის“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.