კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი არის 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ხშირად ადამიანებს კლინიკური სიმპტომები უვლინდებათ 5-დან 7 დღის განმავლობაში. კლინიკურ სიმპტომებამდე 24-48 საათით ადრე უკვე ადამიანი ვირუსის გამოყოფას იწყებს და ის უკვე გადამდებად ითლება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება სრულიად ჯანმრთელი ადამიანი რისკის მატარებელი იყოს.
„ძირითადად ჩვენს ქვეყანაში და ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ძირითადად ანალიზებს სიმპტომიანი ადამიანები იკეთებენ. მოსახლეობის 30-40 პროცენტი ისე იტანენ ამ ვირუს, რომ თითქმის სიმპტომებს არ ავლენს და ამას ვერ ხვდება. ეს არის ზუსტად იმის საშიშროება, რომ როდესაც უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა ვერ ხდება, ეპიდემიის ძლიერი კონტროლი გართულებულია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904, გარდაიცვალა 273 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 3 324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 209, კოვიდ-სასტუმროში - 2 346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.