კორონავირუსის ახალმა შტამმა შეძლო, უფრო ადვილად გადაეცეს ერთიდან მეორე ადამიანს, შესაბამისად, გაზარდოს ავადობის საერთო სურათი და ეპიდემიის ტრაექტორია აღმავალი გახადოს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„არის ვარაუდი, რომ ახალ შტამს არ შეეძლება ავადობისა და სიკვდილობის მონაცემების გაზრდა. ასევე, არ შეეძლება, იმუნური სისტემა ვაქცინას „დაუსხლტეს“ და გვერდი შემოუაროს და ერთხელ ინფიცირებული ადამიანები მეორედ ინფიცირების რისკის ქვეშ დააყენოს“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.