ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელსაც „აქვს უთვალავი ფერითა“ და ეს მრავალფეროვნება, საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ზე წერს, რითაც გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
„საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ. არ უნდა დავუშვათ ამ დიდი ტრადიციის მატარებელმა ერმა სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს იქნება არა მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის უგულებელყოფა, ასევე საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა. მჯერა, ჩემი ხალხის გონიერების, რომელი აღმსარებლობისაც უნდა იყოს, ჩვენ ტოლერანტობა სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“, - წერს კახა კალაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა.