პარტია "მეტი თავისუფლება-გირჩის" ლიდერი,ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა და "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების ჩამორთმევა.
როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ილუზიაა ის, რომ დღეს ოპოზიციის ბრძოლის გარეშე, "ქართული ოცნება" რამეს დათმობს.
"გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის ის, რომ "ოცნებამ" საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად, ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამაზე ბევრი გზის მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა, არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ზღაპარი და ილუზიაა ის, რომ დღეს "ქართული ოცნება" რამეს დათმობს. ამაში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებით, რადგან არანაირი მასტიმულირებელი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის. არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა განსაკუთრებული პროტესტი სრულიად გიჟური კორონა რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი, ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს",-განაცხადა ჯაფარიძემ.