როგორ მუშაობს ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც ვაქცინოლოგიის ახალ ეპოქას უწოდებენ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მასობრივი იმუნიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინის შექმნა პანდემიების შესაჩერებლად და რას მოიაზრებს ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება“, – ამ ძირითად საკითხებზე საუბრობს ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტი ბრიუს გელინი, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემა „ახალმა კვირამ“ ჩაწერა.
პროფესიით ეპიდემიოლოგი ბრიუს გელინი მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, აშშ-ის სახელმწიფო ვაქცინების პროგრამის ოფისში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. 2017 წლიდან ბრიუს გელინი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტს, Sabin Vaccine Institute-ს ხელმძღვანელობს. ეს ინსტიტუტი ვაშინგტონში 1993 წელს ჰელოისა საბინმა დააარსა. ჰელოისა საბინი ალბერტ საბინის მეუღლეა, – მეცნიერის, რომელმაც თავის დროზე პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა.
ერთ-ერთი ვაქცინა, რომლის შემოტანაზეც საქართველოს მთავრობა მსჯელობს, ოქსფორდისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინაა. ასევე, იგეგმება Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაც, რომლის ეფექტიანობაზეც უკვე ვისაუბრეთ. დასავლურ გამოცემებში წერენ, რომ დაბალი ფასიდან და შენახვის მარტივი პირობებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველაზე ხელსაყრელია. რას გვეტყვით ამ ვირუსული ვექტორის ვაქცინაზე და რამდენად ეფექტურია?
კლინიკური კვლევების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი კიდევ არაერთი ვაქცინაა ავტორიზაციის მოლოდინში. როცა ყველა აუცილებელი პროცედურა დასრულდება, მსოფლიო მეტ ვაქცინას მიიღებს. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ოქსფორდის ვაქცინა სულ მცირე 70-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა. ცხადია, ყველა კომპანიას, რომელიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, განსხვავებული მიდგომა, მოქმედების მექანიზმი და ტექნოლოგია აქვს, თუმცა პრინციპი საერთოა – დაიცვან უჯრედები კორონავირუსის სპაიკცილებისგან. ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინისგან განსხვავებით, ვირუსული ვექტორის ვაქცინაში არა თავად კორონავირუსის ფრაგმენტი, არამედ სხვა ვირუსია გამოყენებული, რომელიც ორგანიზმს იმუნური პასუხის უნარს ანიჭებს.