რეჟისორი გიორგი ხაინდრავა, რომელიც 2008 წელს ეროვნული საბჭოს წევრი იყო, გია გაჩეჩილაძეს ახსენებს, რომ მისი როლი მაშინდელ აქციებში მინიმალური იყო და გავლენას აქციის დაშლაზე ვერ მოახდენდა. როგორც ხაინდრავამ „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, გაჩეჩილაძე ეროვნული საბჭოს წევრი არ ყოფილა და რიგითი დემონსტრანტი იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ბარდი.
„მას თუ რამე გარიგება ჰქონდა სააკაშვილთან, ეს მისი საქმეა. რა შუაშია ეროვნული საბჭო და იპოდრომის მიტინგი? ვინ ეკითხებოდა უცნობს მიტინგის დაშლას? საიდან მოიგონა ეს ამბავი და რისთვის მოიგონა, ჩემთვის გაუგებარია.
„3 მარტივი ამბავია, რაც ამ სიცრუეს საფუძველს გამოაცლის. პირველი - ინაუგურაცია იყო დანიშნული 9 საათზე და მიტინგი იპოდრომზე იყო დანიშნული 12 საათზე. იპოდრომიდან რუსთაველამდე სულ მცირე 6 კილომეტრია და იქიდან რომ ხალხი მისულიყო რუსთაველამდე 5 საათი იყო საჭირო. მეორე - არც ერთხელ ეროვნულ საბჭოს და მაშინდელ ოპოზიციას, „შალიკოს ფანჩატურისგან“ განსხვავებით არანაირი ძალისმიერი მოქმედება არ განუხორციელებია. არც ერთი, 7 წლის მანძილზე. იმის მიუხედავად, რომ 100 ათას კაციანი აქციები გვქონდა მოწყობილი, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილება თავში არასოდეს მოგვსვლია. ასე რომ, არ ვიცი რა დაესიზმრა და რა გარიგება ჰქონდა. თვითონ გასცეს პასუხი საზოგადოებას და თავის სინდისთან გაარკვიოს ურთიერთობა. მაშინდელ ქართულ ოპოზიციურ სპექტრს სიხშირე არ სჭირდებოდა, იმიტომ რომ სიხშირე თვითონ ვიყავით, ხალხი იყო სიხშირე. პატარა გრეჩიხას სიხშირე თუ სჭირდებოდა და სააკაშვილთან ჩვენ ზურგს უკან ამაზე ლაპარაკობდა, ეს მისი საქმეა და მის სინდისზე იყოს“, - განაცხადა ხაინდრავამ.
გია გაჩეჩილაძემ Palitranews-ის ეთერში 2008 წელს, შავნაბადის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამ დრომდე უცნობი დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მას იპოდრომზე შეკრებილი ხალხის დაშლა სთხოვა. სანაცვლოდ, გაჩეჩილაძემ მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა და პირობაც მიიღო, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.