ამ დილით გამოტანილი გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი დამნაშავეა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური წმენდის ფართო მასშტაბიან კამპანიაში, რომელიც მოიცავდა დიდი რაოდენობით ეთნიკური ქართველი მოქალაქეების თვითნებურ მკვლელობებს, მათი სახლების ძარცვასა და დაწვას და განადგურებას, ეთნიკური ქართველების უკანონო და თვითნებურ დაკავებას საპატიმრო დაწესებულებებში, სადაც ისინი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას განიცდიდნენ, მაგალითად მათ აიძულებნენ მიცვალებულების ტრანსპორტირებას და მასობრივ სამარხში დაკრძალვას, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში არსებულ პრაქტიკას მოგვაგონებს, - ასე შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა „ქრონიკასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, სასამართლომ ასევე დაადგინა სამხედრო ტყვეთა ფართომასშტაბიანი წამების პრაქტიკა.
„მტკიცებულებებით ჩანს, რომ 30-ზე მეტი სამხედრო ტყვე მკაცრად აწამეს მას შემდეგ, რაც ისინი მტრის ძალებმა შეიპყრეს. ორი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, ერთი კი ცემით მოკლეს, ცემის გარდა, არსებული მტკიცებულებით, ერთ პატიმარს ყური ჰქონდა მოკვეთილი, რამდენიმეს იმიტირებული „სიკვილით დასჯა” მოუწყვეს, რამდენიმე პატიმარი აწამეს ცეცხლით, რამაც სერიოზული დამწვრობა გამოიწვია, ზოგს თითები ჰქონდა განზრახ მოტეხილი, ერთ0ერთს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ფეხში ხიშტით, ხოლო ერთს კბილები ამოუღეს ბრტყელტუჩათი, ერთს რეზინის თასმებით ახრჩობდნენ, ერთი კი ელექტროენერგიის გამოყენებით აწამეს. ამის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ კონფლიქტის შემდეგ რუსეთი პასუხისმგებელი იყო ეთნიკური ქართველების გაძევებაში აღნიშნული ტერიტორიიდან და მათი დაბრუნების აღკვეთაში, რითაც ოსეთის ეთნიკური შემადგენლობა ფაქტობრივად შეიცვალა, ასე რომ რუსეთის ოკუპაციის შედეგად, 20,000 ეთნიკური ქართველი გამოიდევნა და დღესაც დევნილი რჩება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ამ სასამართლო დასკვნის და გადაწყვეტილების გამოტანის პრეცენდენტი ძნელია ვიფიქროთ, რომ დამთხვევაა.
„განაჩენი სასამართლომ მიიღო გასული წლის ივლისში, მაგრამ სასამართლომ აშკარად შეაჩერა განაჩენის გამოტანა გარკვეული დროით და გამოაქვეყნა იგი პრეზიდენტ ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღეს, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ იგი აპირებს ძლიერი პოზიციის დაკავებას რუსეთის აგრესიისა და უკანონო ჩარევის წინააღმდეგ. ასევე უნდა ითქვას რომ ეს გადაწყვეტილება ემთხვევა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას, ყირიმის რუსეთის ოკუპაციის შესახებ, და ეს საქმეები აჩვენებს, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების საბოლოოდ მიღებით, ევროპული სასამართლო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ“, -აცხადებს ბენ ემერსონი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.