დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას მისი განცხადება განმარტა, რომელიც სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილთან დაკავშირებით გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
„ვთქვი, რომ ორი მომენტია. ერთია, როცა კონსტრუქციულად აწარმოებ მოლაპარაკებას და რაც შენს ინტერესშია გინდა რომ შენი გახდეს და მეორეა, როცა პოლიტიკოსი იქნება თუ არა პოლიტიკოსი, გამოდის და განცხადებას აკეთებს, რომ ეს ჩვენია.გასაგებია ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და სულიერად ჩვენია კი, მაგრამ ის რაც თავის დროზე საზღვრის იქით იქნა დადგენილი, და ის პატარა ნაწილი გინდა მოექცეს ჩვენს საზღვრებში, ამას სჭირდება წყნარი, მოლაპარაკებითი მიდგომა და არა ის, რომ დადგე და აცხადო, რომ ჩვენია“, - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.
მისი თქმით, „ურა პატრიოტული“ განცხადებები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას ვნებს.
„პიროვნულად მავნებს თუ არ მავნებს სხვა საკითხია. მე შეიძლება ცივი წყალი დავლიო, მივუტევო ან ღმერთს ვთხოვო რომ მიუტევოს. თავი დავანებოთ „ურა პატრიოტულ“ განცხადებებს, რადგან ეს თვითონ ქვეყნის ინტერესებს ვნებს“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.