დღეს „ივერიის“ ცნობილი სოლისტი, თემურ წიკლაური დღეს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შემდეგ ვეღარ შეძლეს. მომღერალს თვეზე მეტხანს გორის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
სოციალურ ქსელებში კოლეგები მომღერლის ოჯახს უსამძიმრებენ.
გიორგი სუხიტაშვილმა მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „სამწუხაროდ, ჩვენი არწივი გაფრინდა.
დიდი მადლობა შენ ყველა ნოტისთვის, ყველა როლისთვის, ფიროსმანისთვის მართალი სიმღერისთვის, მართალი სიტყვებისთვის, შენეული განცდებისთვის, რომლებიც გადმოგვეცი და რომლებიც დაგვიტოვე.
შენი ნამღერი “მინდვრებო, ჩამოქარგულო” ჩემი ბავშვობის ბედნიერება და სავიზიტო ბარათი იყო. საუკეთესო თბილი კოლეგა და საუკეთესო რესპონდენტი…
მოგვენატრები!
სამწუხაროა, რომ ის გეგმები, რომელზეც ვისაუბრეთ, ვერ მოვისმინე (დამპირდა, რომ მაჩვენებდა მის საოპერო სიმღერებს რაშიც მეცადინეობდა) ….
მშვიდობით, არწივო…“
კახი მამულაშვილი:
„ბატონო თემურ, ძალიან დიდი ადამიანი იყავით! გააჩერეთ, დედამიწა, ჩავდივარ!..“
ფოტოგრაფმა ზაქარია ჭელიძემ ბატონი თემურის შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ თემური გამოჯანმრთელდებოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს“.
ნინო სურგულაძე:
„ბოლომდე იბრძოლა… მანაც და ექიმებმაც….
გული ჩამწყდა… მაინც იმედი მქონდა…
მშვიდობით, კარგო კაცო! მადლობა ყველაფრისთვის! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს უკვდავ სულს“.
ოთო ნემსაძე:
„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ…
ვერ გაუძლო არწივმა…
მადლობა, თემურ“.
დათო ოქიტაშვილი:
„ჩემო მეგობარო… არც ვიცი, რა დავწერო. დროებით და შეხვედრამდე…“
მამუკა ონაშვილი:
„ძია, ნათელი და სანთელი შენს ულამაზეს სულ, მაგარო და უთბილესო ადამიანო… საქართველო, ვიზიარებ…“
თემურ თათარაშვილი:
„საქართველოს დიდი ტკივილია თემურ წიკლაური, ვუსამძიმრებ ყველას “.